
წიგნის პრეზენტაცია: „სამეცნიერო კვლევით სექტორში ქალთა წარმომადგენლობა – ადგილობრივი რეალობა და საერთაშორისო მიდგომები“
2025 წლის 18 ივლისს, ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტმა უმასპინძლა წიგნის პრეზენტაციას „სამეცნიერო კვლევით სექტორში ქალთა წარმომადგენლობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე და საერთაშორისო მიდგომები“.
წიგნის ავტორი ევროპის უნივერსიტეის სამართლის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი ირინა ბათიაშვილია. წიგნი ასახავს ქალთა ჩართულობის მაჩვენებლებს სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინაში, იკვლევს არსებული სტრუქტურული და ინსტიტუციური ბარიერების გავლენას და გვთავაზობს შედარებით ანალიზს სხვა ქვეყნების პრაქტიკებზე დაყრდნობით.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, იოსებ კელენჯერიძემ. მან ხაზგასმით აღნიშნა მსგავსი ტიპის კვლევების ღირებულება როგორც პოლიტიკის დაგეგმვის, ისე განათლების სისტემაში პრაქტიკული ცვლილებების განხორციელების თვალსაზრისით:
„ეს წიგნი არის მოწოდება, დავინახოთ მეცნიერება როგორც სივრცე, სადაც არ არსებობს გენდერული ზღვარი. ის გვახსენებს, რომ ქალების სრული ჩართულობის გარეშე მეცნიერება ვერ იქნება სრულფასოვანი. თანასწორობა არ არის მხოლოდ სამართლიანობა — ეს არის პროგრესის წინაპირობა,“ — განაცხადა იოსებ კელენჯერიძემ.
პრეზენტაციის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ ავტორები, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სხვადასხვა საჯარო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლები. განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ მექანიზმებსა და სტრატეგიებს, რომლებიც ხელს უწყობს ქალთა პროფესიულ განვითარებას, კარიერულ წინსვლასა და აქტიურ მონაწილეობას სამეცნიერო ცხოვრებაში.
ღონისძიება გამორჩეული იყო როგორც თემატური სიმწვავით, ისე მონაწილეთა აქტიური ჩართულობითა და ინტერაქტიური განხილვის ფორმატით.
წიგნის პრეზენტაცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გენდერული თანასწორობის მნიშვნელობას მეცნიერებაში და წარმოადგენს ძლიერ სტიმულს სამომავლო კვლევებისა და პოლიტიკის განვითარების მიმართულებით.











კომენტარები